ცენტრი და პერიფერია:
პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში


კონფერენციის შესახებ


 თანამედროვეობაში ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებული ურთიერთმიმართებები არაერთი სფეროს მკვლევართა თუ სპეცილისტთა დაინტერესების საგანს წარმოადგენს. ცენტრი-პერიფერიის ურთიერთდინამიკა განსაზღვრავს საზოგადოების განვითარების დონეს, ღირებულებებსა და ტრადიციებს. ეს აისახება არა მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებზე, არამედ ხალხთა წარმოდგენებზე, მათ ცნობიერებასა და იდენტობაზე.

 კონფერენციის მიზანია  ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებულ ურთიერთმიმართებათა განხილვა, რაც მულტიდისციპლინური მიდგომით საშუალებას მოგვცემს, ახლებურად გავაანალიზოთ ცენტრი-პერიფერიის ფენომენი  პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ენობრივი და ლიტერატურული პროცესების ჭრილში.

 

  • პოლიტიკური ასპექტები

 ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობა მნიშვნელოვანია პოლიტიკური გეოგრაფიის განვითარებისათვის.  ცენტრი, შესაძლოა მივიჩნიოთ, მასზე დამოკიდებული ფენომენის, ტერიტორიული ერთეულის - პერიფერიის განმსაზღვრელად.  ის თავის თავზე იღებს ვალდებულებას აკონტროლოს, გადაწყვიტოს, უზრუნველყოს და დაასტაბილუროს არსებული გამოწვევები. პერიფერიას კი რჩება „უფლება“ დათანხმდეს და მიიღოს მისი გადაწყვეტილებები. ცენტრი მოქმედებს ქვეცენტრებისა და პროვინციული ელიტების დახმარებით, რომლებიც, თავის მხრივ, ერევიან ადგილობრივი თემების ცხოვრებაში ეთნიკური, რელიგიური თუ ურბანული საკითხების დონეზე.

  ცენტრსა და პერიფერიებს შორის გაუგებრობა და ურთიერთობების მოშლა, ხშირად იქცევა  ისეთი კოფლიქტების საბაბად, რომელთაც დღეს არაერთ სახელმწიფოში ვადევნებთ თვალს. ერი-სახელმწიფოების შიგნით არსებული ცენტრალიზაციისა და გაერთგვაროვნების პროცესი დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზია. ავტონომისტური და  სეპარატისტული ინტერესები განსაკუთრებით ღვივდება ისეთი ევროპული რეგიონული პოლიტიკის პირობებში, რომელიც ცენტრალური ერთეულების დაინტერესების საპირისპიროდ, მიმართულია დეცენტრალიზაციისა და ევრორეგიონების განვითარებისაკენ.  ევროპასა და მსოფლიოში მზარდი სეპარატისტული სულისკვეთება გარკვეულწილად აიხსნება ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებულ უთანასწორო დამოკიდებულებაში, სადაც პერიფერიები ცენტრის მხრიდან მეორეხარისხოვან, უმნიშვნელო რეგიონებად მიიჩნევა.

  ამ ტიპის კონფლიქტებს ხშირად განსხვავებული განვითარების დონე განაპირობებს: ერთი მხრივ, მეტად განვითარებული, მდიდარი, შედარებით მჭიდროდ დასახლებული ცენტრია და, მეორე მხრივ კი- ნაკლებად განვითარებული ან, სულაც, განუვითარებელი პერიფერია.  ეკონომიკური რესურსების განაწილება ასევე ახდენს გავლენას პოლიტიკურ ურთიერთობებზე ქვეყნის მდიდარ და ღარიბ რეგიონებს შორის. თუმცა ისეც ხდება, რომ ზოგჯერ პოლიტიკურ ცენტრზე უკეთ განვითარებული პერიფერიული რეგიონები განსაკუთრებულ პოლიტიკურ როლზე აცხადებენ პრეტენზიას, რაც სეცესიაშიც კი შეიძლება გადაიზარდოს. ცენტრი-პერიფერიის ფენომენის გაანალიზება ამ და სხვა სოციოპოლიტიკური ასპექტების ჭრილში კონფერენციის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

 

  • ეკონომიკური ასპექტები

  მრავალეთნიკურ ან ფედერაციულ სახელმწიფოებში პოლიტიკური იერარქიების შესახებ საკითხის დასმა საინტერესოა „შინაგანი კოლონიალიზმის“ თეორიის პერსპექტივიდანაც. პერიფერიის ეკონომიკური საქმიანობა ნედლეულის მიწოდებაა, ამ უკანასკნელის საბოლოო გარდაქმნას კი, უმრავლეს შემთხვევაში, უკეთ განვითარებული და კვალიფიციური მუშახელის მქონე ცენტრი ახორციელებს. „კომპეტენციების დაყოფის“ ეს წესი და მის მიერ წარმოებული ეკონომიკური უთანასწორობა ბუნებრივად ასაზრდოებს ნაციონალისტურ მოძრაობებს, რომლებიც კომპეტენციებისა და საქონლის ახლებურ განაწილებას ესწრაფვიან და ხშირად სეპარატისტული სახითაც გვევლინებიან. ტერიტორიის გაუდაბნოება, დიდი ურბანული ცენტრებისკენ მოსახლეობის მასიური მიგრაცია ძლიერ ეკონომიკურ ძვრებს იწვევს და ხშირად კატასტროფულ გავლენას ახდენს მთლიანად ქვეყანაზე (მიწების მიტოვება, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა ან არაკვალიფიციური მუშახელის სიჭარბე, გაღატაკება...). აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ  ცენტრი და პერიფერია არსებითად ურთიერთდამოკიდებულია, მათ შორის არსებული ურთიერთმიმართებები კი საკმაოდ არამდგრადია. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთმიმართებების განხილვა ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ორგანიზაციისა და სივრცითი ცვლილებების, გარემოს, შრომის ტერიტორიული განაწილების, გლობალური მოდელებისა და ტრენდების, რესურსებისა და მოსახლეობის საერთაშორისო მოდელების გაანალიზების ჭრილში. ცენტრი-პერიფერიის ფენომენის წარმოჩენა მდგრადი განვითარების კონტექსტში ხელს შეუწყობს საკითხის გააზრებას ფართო ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

  • კულტურული ასპექტები

  ცენტრსა და პერიფერიებს შორის ურთიერთობები არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ კულტურულ ასპექტებსაც ეფუძნება.  კულტურული თვალსაზრისით ერთეულთა შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება ტრადიციებზე, ეთნიკურ, სოციალურ, რელიგიურ და ენობრივ ფასეულობებზე აისახება.

   თამამად შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობისა თუ ბუნებრივი გარემოს დაცვაც ცენტრი-პერიფერიის ურთიერთმიმართებაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ საინტერესოა გაანალიზდეს ცენტრების მხრივ რეგიონებთან მიმართებაში არსებული მიდგომები, რომლებიც ხშირად პოლიტიკური და  ეკონომიკური ინტერესების გამო  უგულებელყოფს ბუნებრივი გარემოს, ტრადიციული არქიტექტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვას პერიფერიაში.

   ცენტრი-პერიფერიის ურთიერთმიმართების საკითხი ცალკეული ადამიანებისა თუ  ჯგუფების ეთნიკური, კულტურული, მენტალური, რელიგიური და სხვა მომიჯნავე ასპექტების ანალიზსაც გულისხმობს. ცენტრები და პერიფერიები ხშირად ერთგვარი „კუნძულებია“, რომლებიც თავიანთი ლოგიკით ცხოვრობენ და ერთმანეთს ვიწრო ბილიკებით თუ უკავშირდებიან. დღევანდელი გეოპოლიტიკური და ემიგრაციული ცვლილებების  ფონზე  „ცენტრალური პერიფერიებზეც“  კი შესაძლებელია საუბარი; გამოხატულად მულტიკულტურულ და მრავალეთნიკურ კონტექსტში ვხვდებით ქალაქებს ქალაქის შიგნით („Chinatowns“, „Little Italies“).  ამგვარი სეგრეგაციის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს მზარდი კომუნიტარიზმი წარმოადგენს, როცა ცალკეული უბნების, ზონების, ქუჩების მოსახლეობა განაგრძობს დანარჩენი სივრცისგან განსხვავებული, მისთვის ჩვეული  ლოგიკით ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ  ეს ეთნოკულტურული ანკლავები არაერთხელ ქცეულა გარკვეული კულტურის, რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფისთვის სამშობლოს ფარგლებს გარეთ გადარჩენის საშუალებად.  ამის თვალსაჩინო მაგალითია ებრაული, სომხური, ჩინური და სხვა თემების არსებობის ისტორია. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ენები, ტრადიციები, კულტურული და იდენტური მიკუთვნებულობა ხშირად გამხდარა ცალკეული ადამიანების, ჯგუფების გაუცხოებისა და გარიყვის საფუძველი, რასაც შედეგად ცენტრიდან პერიფერიისკენ გადანაცვლება მოჰყოლია.

 

  • ლინგვოკულტურული  ასპექტები

  ცენტრისა და პერიფერიის ტიპის ურთიერთმიმართება მოიცავს ასევე ურთიერთქმედებებს ოფიციალურ ენებსა და უმცირესობათა/რეგიონულ ენებს შორის. ევროპულ სივრცეში ეს ურთიერთობები ნორმატიული დოკუმენტებით რეგულირდება (რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია, ევროპული კონვენცია ტრადიციული უმცირესობების ენების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ).  რამდენადაა შესაძლებელი, რომ ენობრივი საკითხი საზოგადოების დაყოფის ფაქტორად იქცეს? როგორ პასუხობენ ოფიციალური ხელისუფლებები კონკურენციას, რომელსაც უმცირესობების ენა უწევს ოფიციალურ ენას, განსაკუთრებით, იმპერიების დაშლის შედეგად წარმოქმნილ ქვეყნებში? რამდენად ახერხებენ მულტიკულტურული და მრავალენოვანი საზოგადოებები ბალანსის პოვნას, ერთი მხრივ, ოფიციალური ენისა თუ ენების პოპულარიზაციასა და, მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების ენების განვითარების გარანტიას შორის?

   აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მსოფლიო ლიტერატურაში ყოველთვის მოიძებნება კავშირები სხვადასხვა გეოგრაფიულ, კულტურულ და ეთნოლინგვისტურ სივრცეს შორის. გლობალიზაციის ეპოქაში ცენტრი-პერიფერიის მიმართებები ხშირად განიხილება ლიტერატურული და მხატვრული მრავალმხრივი გამოხატულების ფონზე როგორც ზოგად, ისე შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია იმ ავტორთა შემოქმედების განხილვა და აღიარების საკითხი, რომლებიც უმცირესობათა ენებზე წერენ და არ განეკუთვნებიან კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცენტრი-პერიფერიის ფენომენის განხილვა მსოფლიო ფრანკოფონული ლიტერატატურის ტენდენციანთა მიმოხილვის ფონზე.

   ცენტრისა და პერიფერიის ცნებები ხშირად დაპირისპირებული ერთეულებია  ლინგვისტურ სისტემაში, რაც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ეს მიმართებები სულ უფრო ხშირად გამოიყენება ენის, დისკურსის,  სემანტიკურ-სტრუქტურული ერთეულების ანალიზში, ლექსიკური მორფოლოგიის პროცესებისა თუ ფონოლოგიური ვარიაციების კვლევაში როგორც სინქრონული, ისე დიაქრონული კუთხით.

   დაბოლოს, არანაკლებ საინტერესოა თუ როგორ ვითარდება თარგმანი ცენტრისა და პერიფერიის მიმართებათა პრიზმაში? რამდენად ამწვავებს თარგმანი არსებულ ანტაგონიზმებსა და მეტოქეობას ან, პირიქით, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის თანამშრომლობისთვის როგორც ცენტრში, ისე პერიფერიებში (გამომცემლებთან, მთარგმნელებთან)?

   კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტებს შეეძლებათ ურთიერთგადამკვეთი პერსპექტივიდან განიხილონ ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე ასპექტი. საკონფერენციო აქტივობა მოიცავს ისეთი მიმართულებებით მუშაობის შესაძლებლობას, როგორებიცაა: სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, ეკონომიკა, სამართალი, ისტორია, გეოპოლიტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურა, რაც არ გამორიცხავს სხვა მომიჯნავე სფეროებთან კავშირსაც.

 

შემოთავაზებული ბიბლიოგრაფია:

Blanchard Nelly et Thomas Mannaig (dir.), « Qu’est-ce qu’une périphérie littéraire ? », in Des littératures périphériques, Presses universitaires de Rennes, Rennes, 2014, p. 11-24.

Calvet Louis-Jean et Osêki-Dépré Inès, « Mondialisation et traduction : les rapports inverses entre centralité et diversité », in Bilinguisme, traduction et francophonie, Université Saint-Esprit de Kaslik (Liban), 2002, p. 33-42.

Casanova Pascale, La République mondiale des Lettres, Éditions du Seuil, Paris, 1999.

Casanova Pascale, « Consécration et accumulation de capital littéraire. La traduction comme échange inégal », Actes de la Recherche en Sciences Sociales, n° 144, 2002, p. 7–20.

Daveluy Michelle et Dorais Louis-Jacques (dir.), À la périphérie du centre - Les limites de l'hégémonie en anthropologie, Liber, Montréal, 2009.

Dehoux Amaury (dir.), « Centres et périphéries de la littérature mondiale. Une pensée connectée de la diversité », Connaissances et Savoirs, coll. « Littératures non-occidentales », 2018.

Demorgon Jacques, Critique de l’interculturel – l’horizon de la sociologie, Economica, Paris, 2005.

Dupuis Georges, Le centre et la périphérie en France, LGDJ, Paris, 2000.

Durand Jean-Marie et Jacquet Antoine, Centre et périphérie : Approches nouvelles des orientalistes, Adrien Maisonneuve, Paris, 2009.

Duval Julien, « Une république mondiale du film », COnTEXTES, n° 28, « La littérature au-delà des nations. Hommage à Pascale Casanova », OpenEdition Journals, 2020.

Gazeau Chrystelle et Delaigue Philippe (dir.), Centre et périphérie, Mare et Martin, Le Kremlin-Bicêtre, 2017.

Kamenoff Lydia et De Villaine Hortense (dir.), L’Empire : centre et périphéries, l’Harmattan, Paris, 2022.

Leperlier Tristan, « La langue des champs : Aires linguistiques transnationales et Espaces littéraires plurilingues, COnTEXTES, n° 28, « La littérature au-delà des nations. Hommage à Pascale Casanova », OpenEdition Journals, 2020.

Rémi Hess, Centre et périphérie, Economica Anthropos, Paris, 2001.

Sapiro Gisèle, « Mondialisation et diversité culturelle : les enjeux de la circulation transnationale des livres », in Les contradictions de la globalisation éditoriale, G. Sapiro (dir.), Nouveau Monde Editions/Sociétés & Représentations, Paris, 2009, p. 275-301.

Sapiro Gisèle (dir.), Traduire la littérature et les sciences humaines : conditions et obstacles, Département des Études de la Prospective et des Statistiques (DEPS) et Ministère de la Culture et de la Communication, Paris, 2012.

Vachek Joseph (dir.), Travaux Linguistiques de Prague, vol. 2, « Les Problèmes du Centre et de la Périphérie du système de la langue », University of Alabama Press, 1966.

 



რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები